პირველად ისტორიაში, დავით ყიფიანის თასის ფინალში, ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები შეხვდებიან
პირველად ისტორიაში, დავით ყიფიანის თასის ფინალში, ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები შეხვდებიან

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალში, ისტორიაში პირველად, ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები, „გაგრა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ შეხვდებიან.
ნახევარფინალურ შეხვედრაში „გაგრამ“, თბილისის „საბურთალოს“ დამარცხება შეძლო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც გაგა კირკიტაძის გუნდმა 5-დან 4 პენალტი გაიტანა, საბურთალოდან კი დარტყმები გაგი მარგველაშვილმა და თეიმურაზ გაბუნიამ ვერ გამოიყენეს.
„გაგრა“ მესამედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში - 2011 წელს გაგრამ დამატებით დროში ტორპედოს მოუგო (1:0) და ტიტულს დაეუფლა, ხოლო ორი წლის წინ იმავე ტორპედოსთან (2:2) პენალტების სერიაში მარცხი განიცადა (2:4).
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალმა“ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. იმერულმა გუნდმა პაპუნა ფონიავას გოლით პირველი ტაიმი მოიგო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე სერგო კუხიანიძემ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სამგურალი ისტორიაში მეორედ გავიდა საქართველოს თასის ფინალში. პირველად ეს წყალტუბოელებმა 1998-1999 წლების სეზონში შეძლეს და მაშინ ქუთაისის ტორპედოსთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადეს.
გამარჯვებული გუნდი ტიტულთან ერთად ევროპალიგის საგზურსაც მოიპოვებს.