პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო. შეკრებილებს უკვე მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა.
„ღმერთი არს ჩვენთან“ - ამ სიტყვებით დაასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ თავისი გამოსვლა. იქამდე კი, სასამართლოს, სამართლიანობისა და ხალხის ნების უზენაესობაზე ისაუბრა.
„პატრიოტი ისაა, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებასა და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს, პატრიოტი ისაა, ვინც კაბინეტში რომ შედის, მზადაა, ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი, პატრიოტი ისაა, ვისაც სჯერა, რომ 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში, იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს, ვისაც სჯერა, რომ სასამართლო უნდა იყოს უმაღლესი ინსტანცია და ხალხის ნების გამომხატველი. იძახიან, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო. აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი. სასამართლო, კანონი, სამართალი, მოქალაქეების ნების, მოქალაქეების არჩევანის პატივისცემა - აი, რა გვჭირდება ჩვენ“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს არ ეთანხმება, სადამკვირვებლო მისიის შეფასებებსაც უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. პირველადი შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.