ნიკა მელია 20:00 საათამდე ცესკო-ს თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს
ნიკა მელია 20:00 საათამდე ცესკო-ს თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს

ნიკა მელიამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ რვა საათამდე ბიძინა ივანიშვილს აძლევენ დროს, რათა გადააყენოს თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან. მელიას განცხადებით, ამის შემდეგ, ოპოზიცია მზადაა, ბიძინა ივანიშვილს ხელახალი არჩევნების თაობაზე სასაუბროდ შეხვდეს.
„ბატონ ივანიშვილს 8 საათამდე აქვს დრო. მოიფიქრებს?.. მოიფიქრებს. არ მოიფიქრებს?.. ამის შემდეგ, ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას“ - თქვა ნიკა მელიამ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს არ ეთანხმება, სადამკვირვებლო მისიის შეფასებებსაც უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. პირველადი შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.