ნიგერიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელსაც მუტაციის განსაკუთრებული ფორმა აქვს

ნიგერიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელსაც მუტაციის განსაკუთრებული ფორმა აქვს
წყარო: imedinews.ge

ნიგერიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელსაც მუტაციის განსაკუთრებული ფორმა აქვს. ამის შესახებ დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის აფრიკული ცენტრის დირექტორმა, ჯონა ნკენგასონგამ განაცხადა.

„საუბარია განსაკუთრებულ მუტანტ ვირუსზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი ვარიანტის მსგავსი არ არის. თუმცა, ნიგერიაში გამოვლენილ შტამს სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ შტამთან გარკვეული მსგავსება შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ჯერ ნაადრევია ახალი შტამის მახასიათებლებზე საუბარი. დამატებითი გამოკვლევებია საჭირო“, - აღნიშნა დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის აფრიკული ცენტრის დირექტორმა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.