კორონავირუსის შემთხვევების გამო გორის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. რეკომენდაცია COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო გაიცა. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილ ინფორმაციით, გორის მეცხრე, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლებში სწავლა 2 კვირით ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. გორში დისტანციურ სწავლებაზეა ასევე მე-3 საჯარო სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი 26 ოქტომბრიდან განახლდება.
„ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს. ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს რეკომენდაციები და სკოლები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა ნორმას. ვცდილობთ, მოსწავლეთა ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული და თავიდან ავირიდოთ რისკები“, - განაცხადა ტერმაკოზაშვილმა.